ნინა ხატისკაცი შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან დაკავშირებულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი საქართველოში გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებით კონფერენციას დაესწრო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შვედეთის ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე, შვედეთიდან ჩამოსული ექსპერტები: ოლა ბაკლე (კონვენციის იმპლემენტაცია) და ანიკა აკენბერგი (შშმ პირთა მონიტორინგის საკითხები).
ორდღიან კონფერენციაზე (8-9 ივნისი) გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. უცხოეული ექსპერტები მონაწილეებს გააცნობენ, რა მექანიზმები არსებობს დოკუმენტის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად – შვედეთში. მონაწილეებმა გამართეს პრესკონფერენციაც, სადაც მედიას კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. „უპრეცედენტოა ის პროგრამები და პროექტები, რომელიც წელს დაიგეგმა და ხორციელდება შშმ პირთა და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით“,-განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ამიტომ, თბილისის მერია, ნინა ხატისკაცის განცხადებით, 2016 წელს კიდევ უფრო აქტიური იქნება ამ მიმართულებით. კონფერენციის პარალელურად, გაიხსნა შვედეთსა და საქართველოში ნაწარმოები დამხმარე საშუალებების დემონსტრირება და ფოტო გამოფენა AccessAbility – ფიზიკური გარემოს მიღმა“, რომელიც შვედურმა ინსტიტუტმა ქართველ პარტნიორებთან ერთად მოამზადა. გამოფენაზე წარმოდგენილია შეზღუდული შშმ პირების ფოტო საქართველოდან და შვედეთიდან, ასევე, ამონარიდები მათი ინტერვიუებიდან. სპეციალური აპარატურის საშუალებით გამოფენის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ უსინათლო, სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე პირებს. კონფერენციის გახსნას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებას შვედეთის საელჩო საქართველოში, შვედური ინსტიტუტი, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები