ლაშა თორდია: სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყოველთვიურად აუმჯობესებს აუდიტის შემოწმების მასალებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყოველთვიურად აუმჯობესებს აუდიტის შემოწმების მასალებს და რაოდენობას, რომელიც იგზავნება პარლამენტში – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა.
თორდია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გასული წლის საქმიანობის დადებითად შეფასებას მიესალმება.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტიკორუფციული გარემოს შექმნაში. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურის მისამართით სამოქალაქო სექტორის შეფასებები. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყოველთვიურად აუმჯობესებს აუდიტის შემოწმების მასალებს და რაოდენობას, რომელიც იგზავნება პარლამენტში. ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში შესაბამის ორგანოში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და მეტად მოვიცვათ სახელმწიფო სტრუქტურები და ის დაწესებულებები, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მინდა მადლობა გადავუხადო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, რომელმაც დადებითად შეაფასა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასული წლის საქმიანობა”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
კითხვაზე, რამდენად ითვალისწინებენ სახელმწიფო უწყებები მისი სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თორდია აცხადებს, რომ რეკომენდაციების უმრავლესობა აქვს გათვალისწინებული პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ჯანდაცვის სამინისტროს.
“არ მინდა ვიღაცას დავუკარგო მოტივაცია, რომ რეკომენდაციები შეასრულონ, ამიტომ უწყებებს მხოლოდ დადებით კონტექსტში მოვიხსენიებ. არის რეკომენდაციები, რომელიც გრძელვადიან პერიოდში უნდა შესრულდეს, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც უკვე იქნებოდა ძალიან კარგი. დადებითად მინდა შევაფასო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელმაც თითქმის 100%-ით შეასრულა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ მივეცით, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, რომლემაც ასევე გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაცია”, – აღნიშნა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები