ნინო გვენეტაძე დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებს ხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმში დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით იმართება, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
მსჯელობის დროს, ხმაური გამოიწვია სასამართლოებში კორუფციის შესაძლო არსებობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებამ. დიმიტრი გვრიტიშვილის ინფორმაციით, კორუფციის შესაძლო არსებობის შესახებ თავად იუსტიციის საბჭოს წევრები საუბრობენ, თუმცა ის კონკრეტულ ფაქტებზე არ საუბრობს.
შეხვედრას იუსტიციის საბჭოს წევრი კახა სოფრომაძეც ესწრებოდა. სოფრომაძის განცხადებით, კორუფციასთან დაკავშირებით საუბრის დაწყება ერთი კონკრეტული პარტიის სურვილი იყო.
“იცით, ეს პარტია რომელია, ამ პარტიის ლიდერი უკრაინაშია”, -განაცხადა კახა სოფრომაძემ.
მოსამართლეების განცხადებით, კანონპროექტის მზადებისას მნიშვნელოვანი დათმობა ის იყო, რომ საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს ვადამდე აღარ გაათავისუფლებენ და უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მათ თანამდებობაზე ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ.
მოსამართლეები ასევე იმსჯელებენ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოებისას ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედების შესახებ, უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები