კობა არაბული მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატებს ბოდიშს უხდის
მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატებს ბოდიშს ვუხდი, – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა არაბულმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართული პარტიული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა
როგორც არაბულმა აღნიშნა, მას მხარის მაჟორიტარი დეპუტატები დამნაშავეებად არ მოუხსენებია. მისივე თქმით, მას ინტერვიუში არც ერთი მაჟორიტარი დეპუტატის სახელი და გვარი არ უხსენებია, თუმცა, როგორც არაბულმა განმარტა, ვინაიდან მისმა განცხადებებმა ინტერპრეტაციის საშუალება გააჩინა, ამის გამო ბოდიშს იხდის.
“დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ სტატია, რომელიც გამოქვეყნდა “კვირის პალიტრაში”. არც ამ ინტერვიუში და არც მერე მე, ჩვენი მხარის მაჟორიტარი დეპუტატები – ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი და ბატონი მირიან წიკლაური არ მომიხსენებია როგორც დამნაშავეები. მაგრამ რადგან ჩემმა განცხადებამ გააჩინა ინტერპრეტაციის საშუალება, მე მათ თქვენი საშუალებით დღეს ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა კობა არაბულმა.
რაც შეეხება ტენდერებს, არაბულის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მუშაობას ერთობლივად გააგრძელებენ.
“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კობა არაბულმა ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე ისაუბრა.