ირაკლი შოთაძე: სასამართლომ მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება ცნო დაუშვებლად მაშინ, როცა საქმეში მტკიცებულებების სახით 21 ტომი დევს
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლომ დღეს მათი მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება ცნო დაუშვებლად მაშინ, როცა საქმეში მტკიცებულებების სახით 21 ტომი დევს. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ ჩართვისას განაცხადა.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასასამართლო სხდომა. არ ვიცი რატომ ხდება ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება და არის თუ არა ეს მიზანმიმართული პიარი, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს სასამარლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს პროკურატურის ერთადერთი მტკიცებულება, ისიც ნაწილობრივ. საუბარია ერთ-ერთ ექსპერტიზის დასკვნაზე. ამავდროულად მინდა საზოგადოებას ისიც ვაცნობო, რომ დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის მტკიცებულებებიც. არსებობს შესაბამისი პროცედურები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების და ჩვენ ამით აუცილებლად ვისარგებლებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საქმე შედგება 21 ტომისგან და ის არის სრულად პროკურატურის მიერ შეგროვილი მტკიცებულებები, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ უწყებას სხვა მტკიცებულებები არ გააჩნია, არის უბრალოდ აბსურდული. როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, შემიძლია განვაცხადო, ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ძალიან კარგად. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ თავს აარიდებს პასუხისმგებლობას და შერჩება ხალხისთვის მოპარული საბიუჯეტო თანხები. ეს მუქარა არ არის. ეს არის ფაქტის კონსტატირება. ეს არის ჩვენი გეგმა ამ საქმეზე და მას მივიყვანთ ბოლომდე”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმეზე ერთ-ერთი მტკიცებულების სახით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა აქვს.