რა ჩვენება მისცა ღარიბაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე?

რა ჩვენებებს აძლევენ პროკურატურას სასულიერო პირები გირგვლიანის საქმეზე, – ამ სათაურით გაზეთი “პრაიმტაიმი” სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიების პროცესში უამრავი ადამიანი დაიკითხა. მათ შორის ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს თავად იძიებდნენ ამ საქმეს.
“ერთ-ერთი გამომძიებელი გახლდათ ტარიელ ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. როგორც ცნობილია, ოქროყანაში მომხდარ დანაშაულს პირველ ეტაპზე სწორედ თბილისის მთავარი სამმართველო იძიებდა და ტარიელ ღარიბაშვილიც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. მაშინ გამოძიება კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების კვალზეც გავიდა და ის-ის იყო, ფინალური ანგარიში ვანო მერაბიშვილისთვის უნდა გაეცნოთ, საქმე მოულოდნელად პროკურატურამ წაიღო”, – წერს გამოცემა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მოგვიანებით თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობამ, უწყებიდან გაუშვეს, ტარიელ ღარიბაშვილი კი საერო საქმიანობას საერთოდ თავს ანებებს და სასულიერო პირი ხდება. ამჟამად ის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის სამღვდელო დიაკონი გახლავთ. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომელიც მამა ტარიელმა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიაწოდა. საგამოძიებო ორგანოსთვის მიცემულ ჩვენებაში მამა ტარიელი ადასტურებს, რომ 2006 წლის 28 იანვარს, ანუ მაშინ, როცა ოქროყანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა სანდრო გირგვლიანის ცხედარი, მუშაობდა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, რომელსაც იმ პერიოდში მერაბ ბაღათურია ხელმძღვანელობდა. სამსახურებრივად მას ევალებოდა ქალაქის მასშტაბით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე უწყებრივი ზედამხედველობა. სასულიერო პირის თქმით, სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტზე. ჩვენებაში სასულიერო პირი დეტალურად აღწერს, როგორ გახდა მათთვის ცნობილი გირგვლიანის საქმეში კუდ-ის მაღალჩინოსნების მონაწილეობის შესახებ. ის, ასევე, იხსენებს მთელ რიგ საგამოძიებო პროცედურებს, მათ შორის სატელეფონო საუბრების დეტალურ ამონაწერებს, რომლის მიხედვითაც დადასტურდა იმ დღეს კუდ-ის მაღალჩინოსნების ოქროყანაში ყოფნის ფაქტი. მამა ტარიელი ერთადერთი სასულიერო პირი არ გახლავთ, რომლის ჩვენებაც გირგვლიანის საქმეში ფიგურირებს. როგორც მოგეხსენებათ, გირგვლიანის მკვლელობის გარდა, საგამოძიებო ორგანო ასევე იკვლევს, რამდენად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ საპატიმროში ამ საქმისთვის გასამართლებული კუდ-ის 4 მაღალჩინოსანი. სწორედ ამ მიმართულებით დაიკითხა სასჯელაღსრულების #10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი თემურ ტაბაღუა, იგივე მამა ნიკოლოზი, რომელიც ამ დროისთვის უკვე სასულიერო პირი გახლდათ და მღვდელმსახურებას ეწეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები