თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის სემინარი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის სემინარი დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგი ადამიანური რესურსების უკეთ მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად.
სემინარს აშშ-ის საზღვაო უმაღლესი სკოლის პერსონალის მართვის სისტემების ანალიზის პროგრამის უფროსი ლექტორი ბილ ჰეთჩი უძღვება. ის საქართველოში აღმოსავლეთ ევროპაში პერსონალის მართვის სწავლებათა ტურნეს ფარგლებში იმყოფება. კურსს თავდაცვის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებიან. ორდღიანი სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.