გაერომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღო.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. როგორც დონდუამ განმარტა, რეზოლუციას მხარი 75 ქვეყანამ დაუჭირა, რაც გასულ წელთან შედარებით (69 ხმა) ექვსით მეტია.
“რეზოლუციის მხარდაჭერის თვალსაზრისით, პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა და ამით თითოეულ დევნილს თანაგრძნობა გამოუცხადა. ეს არის ქართული დიპლომატიის დიდი წარმატება”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზებას, თუმცა მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა.