აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიაში მის „წარმომადგენელს“ შორის კონფლიქტი მოხდა

იტალიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელი მაურო მურჯია თანამდებობიდან გადადგა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. მურჯიამ გადადგომის შესახებ თავად რამდენჯერმე განაცხადა, მაგრამ ამ თხოვნას სოხუმში არ აკმაყოფილებდნენ.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მურჯიამ არაერთხელ დაარღვია სამსახურებრივი და ფინანსური დისციპლინა, ასევე ეთიკური ნორმები“.

სოხუმში აცხადებენ, რომ მურჯიას აფხაზური სტანდარტებით საკმაოდ მაღალი ხელფასი დაენიშნა, მაგრამ მან ეს ძალისხმევა არ დააფასა.

მაურო მურჯია აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლად იტალიაში და სან-მარინოში 2012 წელს დაინიშნა. მისი აქტიურობით აფხაზეთის რამდენიმე ქალაქმა იტალიის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა, თუმცა მურჯიას მიერ აფხაზეთის აღიარების მიმართულებით გაწეული საქმიანობით სოხუმი აშკარად უკმაყოფილოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები