„ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის ხუთი წლის შემაჯამებელი“ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში „საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის ხუთი წლის შემაჯამებელი“ კონფერენცია გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს ანგარიში ავღანეთის ISAF-ის საერთაშორისო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შეფასებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების დროშების შემოტანით დაიწყო. კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გენერალური შტაბის უფროსმა განვლილ ხუთ წელს საამაყო წელი უწოდა. მან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, შედეგები ბროშურის სახით გამოიცეს.

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დახურა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში მიღებული გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა დისკუსიების საგანი უნდა გახდეს. მან ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებას იმსახურებენ.

კონფერენციაში მონაწილეობა გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მიიღეს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები