ხაჯიმბა და ხრულიოვი ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების „ერთიანი კონტურის“ შექმნას გეგმავენ

ერთიანი თავდაცვითი კონტურის შექმნას გეგმავენ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ანატოლი ხრულიოვი. ხაჯიმბამ ხრულიოვი ე.წ. თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგინა და კონკრეტული დავალებები მისცა. ეს, ძირითადად, რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების იმ ნაწილის შესრულებას ეხება, რომელიც შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო დაახლოებას და თავსებადობას გულისხმობს.
„თავდაცვის სამინისტრომ გარკვეულ სიმაღლეს მიაღწია, ჩვენი მიზანია ამ საფეხურის კიდევ უფრო ამაღლება, უნდა მივაღწიოთ შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და შევასრულოთ „სამეკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ ის ნაწილი, რომელიც შეიარაღებული ძალების მშენებლობას და მოდერნიზაციას ითვალისწინებს“, – განაცხადა ხრულიოვმა.
„ისეთი დონის სპეციალისტები, როგორიცაა გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომელიც მუშაობის პრინციპებს მნიშვნელოვნად შეცვლის. მისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს რესპუბლიკაში ღირსეულად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი 2006 წლიდან 2010 წლამდე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიას მეთაურობდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს, 9 აგვისტოს, სამხედრო კოლონის შემადგენლობაში ცხინვალთან ახლოს ხრულიოვი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩასაფრებაში მოხვდა. კოლონა მთლიანად განადგურდა. სხვადასხვა მონაცემით, მაშინ 30-დან 40 ერთეულამდე საბრძოლო ტექნიკა იყო განადგურებული. იმ შეტაკების დროს რუსი გენერალი მძიმედ დაიჭრა. ის სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. ხრულიოვი ევაკუირებული იყო ვლადიკავკაზში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ მას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა აღარ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები