თავდაცვის მინისტრი დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. თინათინ ხიდაშელი სამხედროების სოციალური პირობებით, ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პრობლემებით დაინტერესდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებსაც შეეხო. სამხედროებმა მინისტრს დაზღვევის, სოციალური შეღავათების, განათლების, დასაქმების, ვეტერანის სტატუსის, ტრანსპორტირებისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებისთვის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი პრობლემების მოგვარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. თინათინ ხიდაშელი სამხედროებს სამომავლოდ მათი პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ცალკე დეპარტამენტის შექმნაზე ესაუბრა.
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების პრობლემების მოგვარების მიზნით, შეხვედრაზე საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და სამხედროების პრობლემების იდენტიფიცირება მუდმივად მოხდება.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, მინისტრის მრჩევლები მაია ქავთარაძე, პაატა პატიაშვილი და შერი მიშელი, ასევე სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი დაესწრნენ.