თინათინ ხიდაშელი ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს, პრიტ ტურკს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს, პრიტ ტურკს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ინტენსიური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ესტონეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ესტონეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა სამთავრობო დაწესებულებების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ მართვის თვალსაზრისით.

უწყების ხელმძღვანელმა ამ მიმართულებით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე, ერთობლივ ტრენინგებსა და რეფორმებზე. პრიტ ტურკმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, ესტონეთს საქართველოსთან ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა აქვს. ელჩმა ხაზი გაუსვა ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას და პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ესტონეთის მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. შეხვედრას საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ტეეტ კივისონი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები