„ახლა, მხოლოდ ის ვიცი, რომ სხვა ქვეყანაში დაბერება არ მინდა…“

„ჩემი მშობლები მსახიობები არიან და ხელოვნებაში აქტიურად ჩართულნი. მამას ჰქონდა დიდი სურვილი, რომ მუსიკოსი ვყოფილიყავი, ყოველთვის მგულშემატკივრობდა და ხელს მიწყობდა. შეიძლება ითქვას, რომ პროფესიის არჩევის დროს, საფუძველი უფრო მამაჩემის სურვილი იყო…“  – პიანისტი, ნორვეგიის აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი თათია ჩიქოვანი.

– პირველი შეხება მუსიკასთან…
– თბილისში, ჩვენ მეცხრე სართულზე ვცხოვრობთ, მერვე სართულზე კი ჩვენი მეზობელი არაჩვეულებრივი ქალბატონი და მუსიკოსი ქალბატონი იანა ჩოჩია ცხოვრობს. როდესაც იგი საკუთარ შვილებს ამეცადინებდა, იატაკზე დავწვებოდი და ვუსმენდი ხოლმე. ოჯახში თავიდან ვერ ხვდებოდნენ მიზეზს, მაგრამ მერე მუსიკალურად შემამოწმეს და მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანეს. რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად შემიყვარდა მუსიკა. ამიტომ, ჯერ სამუსიკო გიმნაზია (ათწლედი) დავამთავრე, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე, სადაც პროფესორ ლალი სანიკიძის სტუდენტი ვიყავი და მხოლოდ წელიწადნახევარი ვისწავლე იქ.
– ნორვეგია…11289887_855699581145762_628098463_n
– თბილისის და ნორვეგიის კონსერვატორიებს ძალიან კარგი ურთიერთობა და მჭიდრო კავშირი აქვთ. არის უამრავი გაცვლითი პროგრამა, პროექტი, რაც ძალინ მახარებს. მაგრამ მე თავიდან ჩავაბარე და ახლა, ნორვეგიის აკადემიის, ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ნორვეგიაში ბევრი მეგობარი მყავს, ასევე არიან ქართველი ნიჭიერი მუსიკოსებიც. თუმცა თავიდან ნორვეგიაში სწავლა მხოლოდ მცდელობა იყო და არა მტკიცე გადაწყვეტილება, მაგრამ, აქ ბევრის მხრივ მარტივად მოხდა ჩემი დამკვიდრება და შეგუება, ამიტომ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება.
– პირველი კონცერტი…
– ძალიან კარგად მახსენდება. მაშინ არჩილ ჩიმაკაძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი. 3 წელი უკეთილშობილეს პედაგოგთან, ქალბატონ ინა ცომაიასთან ვისწავლე და თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი ხდის ჩემს პირველ კონცერტს განსაკუთრებულს. სწავლა რომ დავიწყე, ერთი წლის შემდეგ, სკოლებს შორის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებული კონსერვატორიაში, ორკესტრთან ერთად, სოლო კონცერტს გამართავდა. მახსოვს, ორკესტრს ბატონი რევაზ ტაკიძე დირიჟორობდა. ჩემი სკოლიდან გამარჯვებული მხოლოდ მე ვიყავი და კონსერვატორიის მცირე დარბაზში ბერკოვიჩის მესამე კონცერტი შევასრულე. ვიდეოც კი გვაქვს გადაღებული – „პედალს“ ძლივს ვწვდებოდი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღეა ჩემს ცხოვრებაში.
– შეგიძლია, გამოარჩიო რომელიმე კონცერტი, ფესტივალი ან კონკურსი?11348903_855699591145761_1939835877_n
– თბილისში სწავლის დროს ჩვენ უფრო კონცერტებით შემოვიფარგლებოდით. დაახლოებით 9 წელი ვისწავლე ჩემს აღმზრდელთან, ქალბატონ რუსიკო ბეგიშვილთან, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ის მე ყოველთვის მიწყობდა ხელს, რაც შეიძლება ბევრ კონცერტში მიმეღო მონაწილეობა. მასთან სწავლის პერიოდში თითქმის ყოველ წელს ვუკრავდი სიმფონიურ ორკესტრთან ერთან და ეს მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მე ძალიან მცირე დროის განმავლობაში ვისწავლე თბილისის კონსერვატორიაში და ამიტომ არ მქონდა საკმარისი დრო, მიმეღო მონაწილეობა ფესტივალებში, საზღვარგარეთ კონკუსრები კი ჩვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის წარმოუდგენელი გახლდათ. მაგრამ კონცერტები ძალიან ბევრი იყო და დიდი გამოცდილებაც მივიღე. ნორვეგიაში რომ ჩამოვედი, პირველი კურსიდან დაიწყო გასვილითი ფესტივალები და კონცერტები. ოსლო მაინც არის ერთ-ერთი ცენტრი, წერტილი, სადაც ძალიან ბევრი ფესტივალი ტარდება და ყოველ წელს მაქვს, როგორც ლოკალური სოლო და კამერული კონცერტები, ასევე გასვლითი კონცერტებიც ნორვეგიის სხვადსხვა ქალაქებში. მაგრამ კონკრეტულად მხოლოდ ერთ კონცერტს, ვერ გამოვარჩევ. ყველა კონცერტი რაც აქამდე მქონდა, ერთნაირად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. ყველა კონცერტს სხვადსხვა გამოცდილება მოაქვს.
– სცენა…
– ხშირად ვფიქრობ სცენაზე გასვლის წუთებზე. ეს, ის წუთებია, როცა ძალიან ბევრს გრძნობ და ამავე დროს ვერ აანალიზებ, რა ხდება. უამრავი შეგრძნება ერთად, თავმოყრილი უზარმაზარ ადრენალის ქმნის. ეს არის დღე, რომლისთვისაც შენ იშრომე, ძალიან ბევრი საათი, დღე და ამ ყველაფრისთვის უნდა გამოიყენო რამდენიმე წუთი, ყველაზე ბევრი ერთი ან ორი საათი თუ, სოლო კონცერტია. ეს არის დღე, როცა ბოლომდე უნდა ისიამოვნო. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ყველაზე უცნაური, ის არის, რომ მიუხედავად დიდი ღელვის, მუდმივი გამოცდისა და უზარმაზარი ფიზიკური და ემოციური დატვირთვისა, მანძილი კონცერტიდან კონცერტამდე მენატრება. როცა კონცერტი მთავრდება, სურვილი მაქვს კიდევ გავიმეორო. გული მწყდება, რომ დამთავრდა.
– გამორჩეული ნაწარმოებები გაქვს?
– ერთი საყვარელი ნაწარმოების დასახელება ცოტა რთულია. არჩევანში გემოვნება პერიოდულად მეცვლება. არა მგონია, ან იშვიათი შემთხვევაა მუსიკოსისთვის, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი გამორჩეული ნაწარმოები ჰქონდეს, რადგან ეს სფერო ძალიან დიდი და მრავალფეროვანია. მე ახლა, შეყვარებული ვარ ბახზე. საერთოდ, ეს არ არის ნორმალური ფაქტორი. ჩვენს ასაკაში უფრო რომანტიკოსი კომპოზიტორები – შოპენი, ლისტი, შუმანი მოსწონთ, მე ამ ეტაპზე ბაროკოს ეპოქისკენ ვიხრები. მაგრამ ვერ გეტყვით კომპოზიტორს, რომელიც სრულიად არ მომწონს. შეიძლება მისი, მთელი შემოქმედების შესრულების სურვილი არ მქონდეს, მაგრამ არ არსებობს, აღიარებული კომპოზიტორების ერთმა ნაწარმოებმა რომ მაინც არ მომხიბლოს. მე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი, ამიტომ ალბათ მომავალში კიდევ უფრო ბევრ საინტერესო ნაწარმოებთან მექნება შეხება და იმედი მაქვს, ეს პროცესი არასდროს დასრულდება.
– როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი პიანისტისთვის?11349014_855699587812428_1994608470_n
– ძალიან დიდი შრომისმოყვარეობა, მოთმინების უნარი, თვითკრიტიკულობა, დროის სწორად გადანაწილება, პოზიტივი და ზოგჯერ ემოციური კონფლიქტიც. აუცილებელია ზოგადი განათლებაც, რადგან, რაც უფრო ბევრი რამ გესმის და რაც უფრო უღრმავდები სულიერს თუ უსულოს, მით უფრო მეტ „ფერს“ პოულობ მუსიკაში. ბუნებრივია, პიანისტს ძალიან უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ჰქონდეს მუდმივად თვითგანვითარების სურვილი. დიდი სიყვარულის გარეშე ეს საქმე მუსიკოსისთვის დიდხანს ვერ გასტანს, რადგან ჩვენი პროფესია, ეს არის დაუსრულებული, ხშირად ერთგვაროვანი ყოველდღიური შრომა. ეს მცირე განმარტება ალბათ არის ის რამდენიმე, ძირითადი პრინციპი, რაც ჩვენზე, ხელოვანებზეა დამოკიდებული. ის კი, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ – გამართლება ჰქვია, რაც სრულებითაც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი.
– საქართველო…
– რაც არ უნდა კარგი პირობები მქონდეს სხვაგან, მაინც ჩემი ქვეყანა მირჩევნია. სხვა გრძნობაა, სხვა გარემოა, სხვა ხალისით აკეთებ, მაინც შენია ყველაფერი, თუნდაც ბევრი რამ არ მოგწონდეს. მე ვცდილობ ხშირად ჩამოვიდე თბილისში, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია ჩემთვის იმის თქმა, თუ რა იქნება მომავალში.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები