“გერმანული კომპანიები საქართველოს კავკასიაში ბაზრების კარიბჭედ მიიჩნევენ”

“გერმანულმა კომპანიებმა საქართველო აღმოაჩინეს” – ასეთი სათაურის სიუჟეტები, გერმანულმა ტელეკომპანია “დოიჩე ველემ” მოამზადა, სადაც გერმანული კომპანიების მიერ, საქართველოში ბიზნესით დაინტერესების შესახებაა საუბარი.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რთული ეკონომიკური პრობლემებისა, გერმანული კომპანიები საქართველოს კავკასიაში ბაზრების კარიბჭედ მიიჩნევენ. საქართველოში გერმანიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი მარტინა შვარცი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის პროევროპულ განწყობას ქვეყანაში ევროპის საქმიანობაც აძლიერებს.
“ეს მართლაც დასავლეთისკენ ორიენტირებული ქვეყანაა. ცოტა ხნის წინ აქ გაიმართა ევროპის დღეები, ევროპა აქ ძალიან ბევრს აკეთებს, რაც აძლიერებს მოსახლეობის პრო-ევროპულ განწყობას”, – აღნიშნავს მარტინა შვარცი.
გერმანიის ბიზნესაცოცია 140 ქართულ და გერმანულ ფირმას აერთიანებს. სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირთან შეერთებას იმედოვნებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გასულ წელს, ქვეყანამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ბევრი სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა.
„დოიჩე ველეს“ სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი კომერციული ცენტრის მშენებლობა. მშენებლობაში ჩართულია უმსხვილესი გერმანული კომპანია “კნაუფი”, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. სიუჟეტის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 4,7%-ით გაიზარდა და ამაში სამშენებლო ინდუსტრიას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის.
“ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ ადვილი გახდა, საქართველოში წარმოებული საქონელი ევროპაში გავყიდოთ, რაც დამატებითი მოტივაციაა ინვესტორებისთვის”, – აღნიშნავს სიუჟეტში “კნაუფის” გენერალური დირექტორი საქართველოში გიორგი ჯაფარიძე.
სიუჟეტის გადაღებისას მარტინა შვარცი ასევე “ნატახტარის” ლუდსახარშს ესტუმრა, სადაც 2 სახეობის გერმანული ლუდი ისხმება ლიცენზიით – “კაიზერი” და “ჰერენჰოიზერი”.
“ჩვენს ქვეყანას კარგი სამომავლო პერსპექტივა აქვს ევროკავშირთან ერთად. ხალხს იმედი აქვს, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ და საცხოვრებელი პირობების მაღალი სტანდარტები გვექნება”, – აცხადებს “ნატახტარის” თანამშრომელი გიორგი ფსუტური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები