გუდაურში სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

გუდაურში, ხვალ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის გასვლითი სხდომა გაიმართება.

შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება.

ვენეციის კომისიიდან და ევროსაბჭოდან, შეხვედრას დაესწრებიან და საკუთარ მოსაზრებებს წარმოუდგენენ: რუდოლფ შნუც დური, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის გენერალური მდივანი/ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების უფროსი. ალესანდრო სავარისი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე. დიანა კოვატჩევა, ევროპის საბჭოს ექსპერტი. სლავიცა ბანიჩი, ვენეციის კომისიის ყოფილი სათადარიგო წევრი, ხორვატიის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.
ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა კობახიძე. სამუშაო ჯგუფის წევრები და მოწვეული ექსპერტები: ზაქარია ქუცნაშვილი, ელისო ჩაფიძე, შალვა შავგულიძე, ლევან ბეჟაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან ბოძაშვი, მინდია უგრეხელიძე, ზაზა ხატიაშვილი, ალექსანდრე ბარამიზე, ვახუშტი მენაბდე, გიორგი დავითური, გიორგი ხოკერაშვილი, კახაბერ წერეთელი, ევა გოცირიძე, თამარ ჯუღელი, ვახტანგ ძაბირაძე, მარინა კვაჭაძე, ვასილ გონაშვილი. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართება შემდეგ საკითხებზე: ვენეციის კომისიის ანგარიში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ, ნაწილი პირველი – მოსამართლეთა დამოუკიდებლობა; მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა-არჩევის წესი, ვადები, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და მათი დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები; მთავარი პროკურორის არჩევის-დანიშვნის წესი, პროკურატურის ორგანოების ქვემდებარეობის და ანგარიშვალდებულების საკითხი ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან მიმართებაში; „რეალური“ ინდივიდუალური საკონსტიტუციო სარჩელი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმი; ვენეციის კომისიის კვლევა საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაზე ინდივიდუალური წვდომის შესახებ – მიღებულია ვენციის კომისიის 85-ე პლენარულ სესიაზე;
პროექტი დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები