თინა ხიდაშელი: თავიდან უნდა ავიცილოთ ახალი ომი საქართველოში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დეტალურად ესაუბრება JDD-ს („კვირის გაზეთი“, ყოველკვირეული გამოცემა) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით მის მოლოდინებზე, იმ დროს, როდესაც რუსეთთან ვითარება კვლავ დაძაბულია.
– რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი, რომელიც იხსნება ხუთშაბთს – ანტირუსულია. რას უპასუხებდით მას?
– პირველ რიგში, მინდა მას შევახსენო, რომ საქართველო არსებობს, რაც უკვე საკმარისია რუსეთის გასაღიზიანებლად. მაგრამ მე განსაკუთრებით მინდა ვუთხრა მას, რომ ევროკავშირი არავის წინააღმდეგ არ მოქმედებს. აღნიშნული სამიტის დღის წესრიგში გათვალისწინებულია მხოლოდ მსჯელობა შემდგომ განვითარებაზე, აღმავლობაზე, გადაადგილების უფრო მეტ თავისუფლებაზე. ევროკავშირმა ყოველივე ეს რუსეთს საქართველოზე გაცილებით ადრე შესთავაზა. დროა, საქართველოს მსგავსმა სუვერენულმა ქვეყნებმა თავად შეარჩიონ მისაღები ცხოვრების წესი და განსაზღვრონ, ვისთან სურთ თანამშრომლობა თუ თანაცხოვრება. რუსეთმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც ჩვენ დავინახეთ უკრაინაში. ჩვენი არჩევანია რიგის სამიტში მონაწილეობა.
– რას ელით სამიტისაგან?
– მე საკმაოდ ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, რომ საქართველოს მიერ ვილნიუსის სამიტის შემდეგ ბოლო 2 წელში მიღწეული პროგრესი კარგად იქნება დანახული. მე არ ვიცი, მივიღებთ თუ არა 21 მაისს ვიზების ლიბერალიზაციას, მაგრამ რიგის დეკლარაციამ უნდა შემოგვთავაზოს პროგრამა, რომელიც დეტალურად გაწერს გასავლელ ეტაპებს, რათა ეს რეალობად იქცეს.
– სამიტამდე ერთი კვირით ადრე საქართველომ მიიღო 300 ამერიკელი სამხედრო, რათა გაწვრთნან თქვენი არმია. ეს ვლადიმერ პუტინისთვის განკუთვნილ გზავნილად შეიძლება ჩაითვალოს?
– ათეული წლებია აშშ ჩვენი ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორია. ნატოსთან ჩვენს თანამშრომლობას ძალიან დიდი მინიშვნელობა აქვს. თუ ჩვენი შეიარაღებული ძალები უფრო გაძლიერდება, ეს ყველას დაანახვებს, რომ ქვეყანაც ძლიერდება. მაგრამ არავინაა გულუბრყვილო და არ გვგონია, რომ ხვალ გავიღვიძებთ და ნატოს წევრები ვიქნებით. საქართველო რეალისტად რჩება. ნატოს წევრი არცერთი ქვეყანა არ დასხმია თავს რუსეთს. ესტონეთი და პოლონეთიც გახდნენ ნატოს წევრები, მაგრამ არაფერი უცდიათ, ჩაედინათ რუსეთის წინააღმდეგ. ეს რუსული პროპაგანდაა, რომელიც ირწმუნება, რომ მის მოსაზღვრე ქვეყნებს იმისათვის უნდათ ნატოში გაწევრიანება, რომ შემდეგ ომი წამოიწყონ რუსეთის წინააღმდეგ და მხოლოდ ამაზე ფიქრობენ. ჩვენ XXI საუკუნეში ვიმყოფებით. აღარ შეიძლება აგრესიებითა და ოკუპაციების გზით სიარული. ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა.
– რუსულმა ვერტმფრენებმა ბოლო დროს ბევრჯერ გაარღვიეს თქვენი საჰაერო სივრცე. როგორ რეაგირებთ ამაზე?
– დიახ, ზეწოლა დიდია. რუსეთი არღვევს ჩვენს საჰაერო სივრცეს, იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს და აგრძელებს სხვა არალეგალურ ქმედებებს საზღვირსპირა რეგიონებში. შესაძლოა, ყოფილიყო ცდუნება, რომ ყველა ამ პროვოკაციას პასუხი გასცემოდა, მაგრამ ეს რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს. ისინი ელოდებიან შეცდომის დაშვებას ჩვენი მხრიდან. ჩვენი მთავრობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ ახალი ომი საქართველოში. ჩვენ აღარ გვინდა მეტი მსხვერპლი.