ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ შეხვედრას და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის მე-6 სხდომას დაესწრო. დღესვე, ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს მე-8 სხდომა გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებას და საქართველოში ერთობლივი სწავლებების აქტიურად ჩატარებას.
გენერალური შტაბის უფროსი უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებს შეხვდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ მუჟენკოსთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ უკრაინას სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაცია, ასევე უკრაინელი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და სერჟანტთა მომზადების ცენტრში კურსების გავლა შესთავაზა. ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ სერ ნიკოლას ჰაუგტონთან შეხვედრაზეც. ბრიტანელ კოლეგასთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ერთობლივი წვრთნების ჩატარების საკითხზე.
ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს მისიებში დაღუპული სამხედროების პატივსაცემად გვირგვინის დადების ცერემონიალი გაიმართა.