თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში ევროპოს საბჭოს მინისტერიალზე წარსდგა

ბრიუსელში 19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალი გაიმართა, სადაც დღის წესრიგში, სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპაში არსებული კონფლიქტები იყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავიანთ გამოსვლებში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის კონტინენტზე არსებულ კონფლიქტებზე ისაუბრეს და რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები უკრაინასა და საქართველოში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით.
მინისტრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობას. შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს რეგიონებს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“ არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
თავმჯდომარემ ასევე დაგმო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი და ხაზი გაუსვა, რომ ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი პირების უფლებები უნდა იყოს სათანადო დონეზე დაცული.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე; ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და რუსეთის ფედერაციისს მხრიდან საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებებზე“.

მინისტრი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2015 წლის 12 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე.

მინისტერიალზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-11 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები