მთავრობის ადმინისტრაციაში 26 მაისის ღონისძიებების პროგრამა დაამტკიცეს
მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ღონისძიებების პროგრამა დაამტკიცეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 26 მაისს ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება.
“ტრადიციულად მოეწყობა სახალხო ზეიმი და იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზი. ძირითადად, გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო ისეთი ღონისძიებები, რომელიც საინტერესო იქნებოდა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. 12:00 საათზე დაიწყება ღონისძიებების საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობა.
13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება ტრადიციულად ფიცის დადების ცერემონია. გვექნება ასევე ავიაშოუს ელემენტები. რუსთაველის გამზირს სამხედრო თვითმფრინავები გადაუფრენენ. 12:00-დან 20:00 საათამდე მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა კუთხე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, იქნება ბევრი საინტერესო ელემენტი, მაგალითად, გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხესაც მოაწყობს, საგუნდაო და საციგურაო ადგილებით.
“გამოიფინება სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. ბევრი კონკურსი, შეჯიბრი, მხიარული სტარტები, სხვადასხვა ტიპის კონცერტები იქნება. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელიც მიეძღვნება ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს. ასევე იქნება გალაკონცერტი 21:00 საათზე პარლამენტის წინ, რომელიც დიდი ფოიერვერკით დასრულდება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 12 რეგიონში გაიმართება.