თამარ სანიკიძისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დასრულდა. ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი და კარგი.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა შედეგს გამოიღებს.

“მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე, მე მათ გულახდილად ვუთხარი, რომ არის გარკვეული თემები, რომლებშიც მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ არის გარკვეული კომპონენტები, რომელშიც მათი თანამონაწილეობა ვერ იქნება შედეგის მომტანი, რადგან ეს არ წარმოადგენს მათი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს ეხებოდა, ძირითადად, კანონით დადგენილ პროცედურებს”, – განმარტა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, შეკითხვები იყო ლაილაშის ბიბლიისა და ეროვნული ცენტრის შენობის ირგვლივ. მინისტრი ფიქრობს, რომ აღნიშნული ორი თემაც “კარგად ამოიწურა და დალაგდა”.

თამარ სანიკიძის განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ბევრი ინფორმაცია მიიღეს იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გაიაზრონ, როგორ უნდა იმოქმედონ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ.

როგორც თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს, თამარ სანიკიძესთან შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა და ვერცერთ პუნქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია. ისინი სახელმწიფო მაკონტროლებლის შეცვლას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა 2011 წელს მიღებული კანონის გაუქმება, რომლის თანახმადაც, განათლების მინისტრს ცენტრის ხელმძღვანელის დანიშნვის უფლება მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელები 16 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას და ცენტრის ხელმძღვანელის არჩევის უფლებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად 16 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა და დირექტორის თანამდებობაზე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები