იანვარ-მარტში ევროკავშირში ექსპორტი 21%-ით გაიზარდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა” მოისმინა.
როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2015 წლის იანვარ-მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 3,2 პროცენტი შეადგინა.
რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი იანვარში 0,5 პროცენტი, თებერვალში 4,9 პროცენტი, ხოლო მარტში 4,3 პროცენტი დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, 2015 წლის მარტში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 1,5 პროცენტით გაიზარდა. გიორგი კაკაურიძის თქმით, 2015 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით შემცირდა და 2 279 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 503 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 1 776 მლნ აშშ დოლარი, რაც შესაბამისად 28 პროცენტით და 3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 21,1 პროცენტით, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში 55.3 პროცენტით შემცირდა.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის თანახმად: 2015 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 986 490,1 ათასი ლარი, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 079 991,6 ათასი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104,7%.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 845 500,0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 890 591,7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102,4%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 44 578,1 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 58 184,2 ათასი ლარით, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 130,5%. ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 10 597,4 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (8 400,0 ათასი ლარი) 126,2%-ია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამინისტროების და სხვადასხვა უწყების უმრავლესობას, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაღალი მაჩვენებლები აქვთ, მაგალითად: საკონსტიტუციო, უზენაესი და საერთო სასამართლოების მაჩვენებლები 85-დან 90-პროცენტამდეა, იუსტიციის საბჭოს 68%-მდე, იუსტიციის სამინისტროს 92%-მდე, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 96.2%-ია, იურიდიული დახმარების სამსახურის მაჩვენებელი 86%-ია ასე შემდეგ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვასთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები არ გამოუთქვამს.
კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში”, “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში”, “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტების ინიცირების საკითხზე იმსჯელეს. კანონპროექტებით წარმოდგენილი ცვლილებები საპოლიციო გამოსახლების საკითხებს შეეხება.
როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებლმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილემ, პაატა კიკნაველიძემ განაცხადა, კანონპროექტების მიზანია, უძრავი ქონებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობის გაუქმება. ამის შედეგად, ფორმალურ მესაკუთრესა და ფაქტობრივ მფლობელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ დავას განიხილავს და გადაწყვეტს პოლიტიკურად ნეიტრალური ხელისუფლება – სასამართლო. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს იურიდიული კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტისთვის წარდგენას.