საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების 83% ათვისებული აქვს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების სამი თვის ანგარიში მოისმინეს.

სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების 83% აქვს ათვისებული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს – 72%, ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს – 85%.

პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო დაგეგმილი. თუმცა, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 3,2% შეადგინა. ამასთან, შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში 1 მლრდ. 986 მლნ. 490 ათასი ლარის ოდენობით იყო დაგეგმილი, მიღებულმა თანხამ კი 2 მლრდ. 79 მლნ. 991 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104, 7% შეადგინა.

როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, პირველ კვარტალში გადასახადების მაჩვენებელი 1 მლრდ.845 მლნ ლარის ოდენობით იყო დაგეგმილი, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მლრდ 890 მლნ 591 ათასი ლარი შეადგინა, ანუ ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების კუთხით შესრულებამ 102,4 % შეადგინა. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის შემოსავლების დაზუსტებული გეგმა 1 მლრდ. 870 მლნ.058 ათასი ლარი იყო. იგი შესრულდა დაახლოებით 4%-იანი გადაჭარბებით და 1 მლრდ. 951 მლნ. 140 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია 97%-ით. 3 თვის დაზუსტებული გეგმის მიხედვით ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 1,820,528,5 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა 1,765,779,4 ათასი ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები