განათლების მინისტრი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ცენტრის თანამშრომლები საკუთარ მოთხოვნებს განათლების მინისტრს აცნობენ.
როგორც ცენტრის თანამშრომელმა გოჩა საითიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი 16 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას და ცენტრის ხელმძღვანელის არჩევის უფლებას ითხოვენ. „ჩვენ ვითხოვთ, გაუქმდეს მათ მიერ ჩატარებული, არაობიექტური კონკურსის შედეგები და დაინიშნოს დირექტორის თანამდებობაზე ის კანდიდატი და ის ადამიანი, რომელსაც ცენტრის აბსოლუტური უმრავლესობა და მთელი ცენტრი მხარს უჭერს, – აღნიშნა გოჩა საითიძემ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა განათლების სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უკვე 2 საათია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს უსმენს.
შეგახსენებთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად 16 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა და დირექტორის თანამდებობაზე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა.