„თუ ნარმანია არ გამოფხიზლდა, მეზობლები სახლიდან აღარ გამოატარებენ!“
თუ ნარმანია არ გამოფხიზლდა, მეზობლები სახლიდან აღარ გამოატარებენ! -ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს. სტატიის ავტორი დედაქალაქის გზებზე არსებული ვითარების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ იმ კორპუსთან მისასვლელი გზა, სადაც დავით ნარმანია ცხოვრობს, ასევე სავალალო მდგომარეობაშია. დედაქალაქის მერიის უუნარობა და უმოქმედობა ისევ გრძელდება. ,,დავით ნარმანია ჩვენი – „ალია-ქრონიკის“ რედაქციის მეზობლად ცხოვრობს. „აკადემქალაქში“, ერთ-ერთ კორპუსში ჩვენი ოფისია, მახლობელ კორპუსში კი დავით ნარმანიას აქვს ბინა.
ეს ტერიტორია ხომ გადათხრილია და ასფალტი და ნორმალური გზა არ ეღირსა წლებია. დავით ნარმანია მერი რომ გახდა, აქაურებმა გაიხარეს, მერი საკუთარ ქუჩაზე, აბა, ასფალტს როგორ არ დააგებსო? არ დააგო და ხმები გავრცელდა, ნარმანია აქ იმიტომ არ აგებს ასფალტს, რომ თბილისელები არ აალაპარაკოს, საკუთარი ქუჩა მოაასფალტა და სხვებს არ მიხედაო. ამას დავიჯერებდი, იმ სხვათა ქუჩების მოასფალტება რომ დაეწყო, მაგრამ სხვა ქუჩებიც ისეა ჩაოხრებული, როგორც ჩვენი, ალექსიძის ქუჩა. არადა მეზობლები უკვე იმუქრებიან – ერთ დღესაც ამოგვივა ყელში, აქციას გავმართავთ და ან სახლში აღარ შევუშვებთ, ან იქიდან აღარ გამოვუშვებთ, ვიდრე საქვეყნოდ პირობას არ დავადებინებთ, რომ უახლოეს დროში ჩვენ პრობლემებს მოაგვარებსო“,- წერს “კვირის ქრონიკა“.