პრემიერი ჩოხატაურში მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში ჩავიდა. პრემიერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტს, 400 000 აშშ დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით, შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს.
პრემიერმა ჩოხატაურელებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საწარმოს მფლობელი, ზურა ჩხაიძე, ყველა რეგიონში უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
„ხილის გადამამუშავებელი საწარმო ჩოხატაურში პირველია. მოსახლეობას წლების განმავლობაში არ შეეძლო ხილის რეალიზაცია და მოსავალი ლპებოდა. ეს საწარმო კი ხილს მოსახლეობისგან ჩაიბარებს და ჯემებს, მურაბებს აწარმოებს. პროდუქცია მოემსახურება, როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე გავა ექსპორტზე. სწორედ ეს არის მთავარი, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საწარმო ექსპლუატაციაში ივნისის ბოლოს შევა და სხვადასხვა ხილის ჯემებს, მურაბებსა და ტყემალს აწარმოებს. პირველ წელს 308 ტონა მზა პროდუქციის, ხოლო მეორე წელს – 462 ტონის წარმოება იგეგმება. ქარხანა თურქული წარმოების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება და ძირითადად ექსპორტზე იმუშავებს. საწარმოში 23 ადამიანი დასაქმდება.