დავით ნარმანია: თბილისის ბიუჯეტში რაიმე სახის კორექტირების აუცილებლობა არ დგას
რამდენიმე წუთის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დატოვა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ იგი შეხვდა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, ბიუჯეტში რაიმე სახის კორექტირება აუცილებელი არ არის.
„იყო ცალკეული შეხვედრები, სადაც ვისაუბრეთ პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაზე, ასევე ვისაუბრეთ ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებზე, რაც უმრავლესობის წარმომადგენლებსაც აინტერესებდათ. თბილისის ბიუჯეტში რაიმე სახის კორექტირების აუცილებლობა არ დგას. შემოსავლები გონივრულ ფარგლებში გვაქვს, ანუ დაგეგმილი მოცულობის შემოსავლების მობილიზება ხდება, ისინი გაწერილია ხარჯებში და შესაბამისად, მიმდინარეობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.