ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიებები ხვალ აღარ გაიმართება. ღონისძიებების გაუქმების მიზეზი საპატრიარქოს თხოვნა გახდა. ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს და საპატრიარქო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, მადლობას უხდის. ,,საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებით აღინიშნოს. ჩვენი სურვილი გაითვალისწინეს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და 17 მაისისთვის მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ’’, – განცხადა მეუფე თეოდორემ. მისივე ინფორმაციით, დღეს და ხვალ ეკლესია აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებას დედაქალაქში პირველად აღნიშნავს. ხვალ ილია მეორე გვარებსა და ოჯახებს დალოცავს.