საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი განცხადებას ავრცელებს. მესხიშვილი აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება და თბილისის მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ველორბოლას მხარს უჭერს, თუმცა, როგორც მესხიშვილი აღნიშნავს, მოსახლეობა ამის შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული, რამაც საგზაო დოსკომფორტი შექმნა.
“მთლიანად პარალიზებულია მოძრაობა, დიდი დიღმის, სანზონის, გლდანის, ზაჰესის ტერიტორიებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ასოციაცია მხარს უჭერს ველორბოლას, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებისთვის სულ მინიმუმ მოსახლეობა უნდა გაეფრთხილებინა თბილისის მერიას. ეს არის უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება თბილისელების მიმართ. თითოეულ მოქალაქეს დღეს შეეცვალა დაგეგმილი დღე ისე, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს განცხადებაც კი, არ გაუვრცელებია. ასეთ დროს ვერ ხერხდება სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო დახმარების აღმოჩენა. მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება და ტურნირის გასამართად მოიძებნოს სხვა ტერიტორია. კატეგორიულად მიუღებელია უდიდესი ფუნქციის და მნიშვნელობის მქონე ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა” , – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლის გამო დღეს აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.