საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სვენ მიქსერს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერისათვის.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა საუბრის დროს განიხილეს საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა, ხაზი გაესვა არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას. ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების, ასევე ორმხრივი ინტერესების ფარგლებში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით, დაიგეგმა მინისტრების შეხვედრა მიმდინარე წლის განმავლობაში.
მინისტრებმა სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით არსებულ პროგრესზე, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.