ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლების ცერემონიალი გაიმართა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner 2015) გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიება 1/91 CAV „ჩარლი“ ასეულის სადესანტო ქვედანაყოფის დესანტირებით დაიწყო, რის შემდეგაც საქართველოს ხრიდოლის ინსტრუქტორთა ჯგუფმა ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა გამართა. სწავლებაში მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწვალების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. აშშ-ის ევროპული სარდლობის შეფასებისა და ანალიზის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა მარკ ლოებენმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინელმა სამხედროებს ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ერთობლივი სწავლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვაზიანის აეროდრომის სამწყობრო მოედანზე სწავლებაში მონაწილე ქართული და ამერიკული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და წვრთნაში მონაწილე სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ღირსეული პარტნიორი“ საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს. ბატალიონის დონის სწავლება სამ ფაზად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თეორიულ მომზადებას გაივლიან. მეორე ფაზის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან საცეცხლე მომზადებაა დაგეგმილი, ხოლო დასკვნით, მესამე ეტაპზე ტაქტიკური სწავლებები განხორციელდება. “ღირსეული პარტნიორი” საჩვენებელი წვრთნით დასრულდება. სწავლებაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი. ქართული მხრიდან სწავლებაში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ქსმ-2“. წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები