ვახტანგ კაპანაძე: სამხედროებმა კარგად ვიცით, რომ სწავლების დროს დაღვრილი ოფლი ამცირებს დაღვრილ სისხლს
ამ დღემდე ჩვენ დიდი ხანია მოვდიოდით, ამ დღისთვის უდიდესი ძალისხმევაა გაწეული როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამხედროების მხრიდან, გადალახულია მრავალი წინააღმდეგობა – ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლების “ღირსეული პარტნიორი”გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დღეს ყველა ჩვენგანი მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრენი ვართ. ამ დღემდე ჩვენ დიდი ხანია მოვდიოდით, ამ დღისთვის უდიდესი ძალისხმევაა გაწეული როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამხედროების მხრიდან, გადალახულია მრავალი წინააღმდეგობა. დღეს საქართველოში ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ყოფილ საბჭოთა ბაზაზე ერთობლივ სწავლებას ახორციელებენ. სამხედროებმა კარგად ვიცით, რომ სწავლების დროს დაღვრილი ოფლი, ამცირებს დაღვრილ სისხლს. ამდენად, მინდა წარმატება ვუსურვო სწავლების მონაწილე მხარეებს”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული სამხედრო ურთიერთობა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ პარტნიორობის ცნების ფარგლებს და ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზნები, საერთო ფასეულობები და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ერთად დაღვრილი სისხლი ერაყსა და ავღანეთში. “ამდენად ჩვენ დღეს იარაღით საძმო ვართ”, – აღნიშნა გენშტაბის უფროსმა.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება “ღირსეული პარტნიორი” ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს გაიხსნა და 25 მაისამდე გასტანს.