დავით დონდუა აშშ-ის ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიას ეწვია

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ამერიკის შეერთებული შტატების ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიას ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით დონდუამ შეხვედრა აშშ-ის საზღვრის დაცვის კადეტთა კომენდანტთან, ბრიგადის გენერალ ჯონ ტომსონთან გამართა. მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ავღანეთსა და ერაყში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. ჯონ ტომსონმა მინისტრის პირველ მოადგილეს გააცნო ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში კადეტთა აკადემიური და ფიზიკური მომზადების თავისებურებები. დადებითად დაახასიათა აკადემიის ქართველი კურსანტები: ალექსანდრე გელაშვილი, მიხეილ გოლიჯაშვილი და კარლო ზანგურაშვილი. ასევე, მწუხარება გამოხატა მარტის თვეში აშშ-ის საზღვაო აკადემიის ორი ქართველი კადეტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროებისთვის აშშ-ში განათლების მიღების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ ბევრ ქართველ ახალგაზრდას მიეცემა ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები