ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ იწყება
ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner 2015) იწყება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, მაისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. „ღირსეული პარტნიორი“ საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს. ბატალიონის დონის სწავლება სამ ფაზად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თეორიულ მომზადებას გაივლიან. მეორე ფაზის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან საცეცხლე მომზადებაა დაგეგმილი, ხოლო დასკვნით, მესამე ეტაპზე ტაქტიკური სწავლებები განხორციელდება.
“ღირსეული პარტნიორი” საჩვენებელი წვრთნით დასრულდება. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი. ქართული მხრიდან სწავლებაში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ქსმ-2“. წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა. სპეციალურად სწავლებისთვის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა 2 მაისს ვარნადან (ბულგარეთის რესპუბლიკა) გამოიგზავნა საქართველოში, რომელიც ვაზიანში 6 მაისს დილით შევიდა.
გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ხრიდოლის ინსტრუქტორთა ჯგუფი ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას გამართავს. ღონისძიების დასასრულს 1/91 CAV „ჩარლი“ ასეულის სადესანტო ქვედანაყოფი დესანტირებას მოახდენს.