ლევან კობიაშვილმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა გერმანიაში მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნებს ტურინგიის პროვინციის ქალაქ ბად ზალცუნგენში მდებარე სამხედრო ბაზაზე „ვერატალი“ გადის. „ბერლინის ჰერტას“ საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, ლევან კობიაშვილი ქართული ქვედანაყოფის მეთაურს, კაპიტან ირაკლი სურგულაძესა და პირად შემადგენლობას შეხვდა. მათ სტუმრებს სამხედრო ბაზა, გერმანული ჯავშანტექნიკა, საწვრთნელი არეალი და სასროლეთი დაათვალიერებინეს. ლევან კობიაშვილმა ქართველი სამხედროების კითხვებსაც უპასუხა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ქართველ სპორტსმენთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ლევან კობიაშვილმა კი ქართველი სამშვიდობოები 16 მაისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ბერლინის „ჰერტა“ – „ფრანკფურტის” ბუნდესლიგის თამაშზე მიიწვია.