იუსტიციის სამინისტროში სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

იურიდიული და სოციოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებს კვლევითი პრაქტიკის წარმატებით გავლისთვის იუსტიციის სამინისტროში სერტიფიკატები გადაეცათ.
სტუდენტებს სერტიფიკატები იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გადასცა.
იუსტიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოვდნენ სტუდენტები, რომლებმაც 4 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოებისთვის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს. გამარჯვებულთა ვინაობა კვლევითი პრაქტიკის დასკვნით სემინარზე გაირკვა. სტუდენტებმა ანალიტიკური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო თემებზე პრეზენტაციები გამართეს.
ღონისძიებას ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ სანიკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა იურიდიული და სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლევითი პრაქტიკის პროექტის მესამე ეტაპი 2015 წლის 8 იანვარს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ღია კონკურსის შედეგად შეირჩა 10 უნივერსიტეტის 10 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაგან 8 სტუდენტმა პრაქტიკა წარმატებით დაასრულა. პრაქტიკის ფარგლებში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა დახმარება გაუწიეს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალი სამართლებრივი საკითხების კვლევასა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდეგი საკითხების კვლევასა და ანალიზზე: − სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა; − არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; − ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა; − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; − შრომის სამართალი; − ღია მმართველობა.
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები შერჩეულ სტუდენტებს უწევდნენ უშუალო ზედამხედველობას კვლევის პროცესში და კვლევითი პრაქტიკის განმავლობაში ეტაპობრივად აფასებდნენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს. სტუდენტების ჩართულობამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისა და რეფორმების პროცესში იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტს საშუალება მისცა, მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ახალგაზრდების აზრი – მომავალი იურისტების შეხედულებები და მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ კვლევითი პრაქტიკის საფუძველზე სტუდენტებს სასწავლებლებში დამატებითი კრედიტები მიენიჭებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები