გარემოს დაცვის სამინისტრო ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში ტრენინგს გამართავს
2015 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, ქალაქებში მწვანე ნარგავების მძიმე მდგომარეობის, ხეების გადაბელვის არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრისა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ნარგავების მოვლის წესების შემოღების მიზნით, შემუშავდა დოკუმენტი „ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში“.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტრო სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება საქართველოს ეროვნულ სატყეო კონცეფციას, განიხილავს ტყის მართვისთვის პასუხისმგებელი ისეთი ახალი ინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას, რომლებსაც ექნებათ სატყეო მეურნეობის წარმოების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია განხორციელდეს ადრეულ ეტაპზე საინფორმაციო სახის შეხვდრები. საკითხების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტროს ორგანიზებითა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) მხარდაჭერით, პროექტის „ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ტრენინგი აღნიშნულ საკითხებზე.
ტრენინგი გაიმართება 6-8 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის ტრენინგ ცენტრში. ტრანსპორტირება თბილისიდან ბულაჩაურამდე და პირიქით, ასევე ცენტრში განთავსების ხარჯები ანაზღაურდება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ტრენინგი მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს, რომელიც ეტაპობრივად მაისის თვეში განხორციელდება. პირველი ეტაპისთვის მოწვეულია კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 27 თვითმმართველი ქალაქების საკრებულეობის წარმომადგენლები.