"მალხაზ გოქაძის მსგავად დათხოვილი არაერთი ჯარისკაცი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება"

   რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაური ლევან ამირიძე პორტალ “კვირასთან“ ყოფილი სამხედრო-მოსამსახურის მალხაზ გოქაძის ღია წერილს ეხმაურება და ადასტურებს, რომ მალხაზ გოქაძე შეიარაღებული ძალებიდან სწორედ იმიტომ დაითხოვეს, რომ მის ბატალიონში შემავალი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო. ამირიძე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს საუკეთესო ჯარისკაცად ახასიათებს და უსამართლოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ჯარისკაცი, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე საქართველოსთვის თავდაუზოგავად იბრძოდა, დღეს ოჯახთან ერთად შიმშილობის ზღვარზეა. რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის თქმით, ე.წ. მუხროვანის ამბოხების შემდეგ აღნიშნული ბატალიონი დაშალეს, მასში შემავალი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი კი, რომელშიც გოქაძეც ირიცხებოდა, ცალკეულ ასეულად ჩამოაყალიბეს და გენერალურ შტაბს დაუქვემდებარეს.
ამირიძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების სამხედრო მარალჩინოსნებმა დროთა განმავლობაში აღნიშნული ასეულის ჯარისკაცების დათხოვნა დაიწყეს და ის მათთვის სასურველი კადრებით დააკომპლექტეს. რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის თქმით, დღეს მალხაზ გოქაძის მსგავად დათხოვილი არაერთი ჯარისკაცი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.
1184793_164716597053124_1502114933_n“სპეცდანიშნულების ასეულის დანიშნულებას, რომელიც ჩემი ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიების დაცვა წარმოადგენდა. რეინჯერთა ბატალიონის დაშლის შემდეგ მოხდა ისე, რომ ეს ასეული ცალკეულ ასეულად გამოიყო და გენერალური შტაბის საკომენდანტო სამსახურის დაქვემდებარებაში შევიდა. ე. წ მუხროვანის ამბოხის შემდეგ რეინჯერთა ბატალიონის სამხედროები ხომ დაითხოვეს. ეს არ იკმარეს და შემდეგ აღნიშნული ასეულის წევრებს დევნა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაუწყეს, რომ მანამდე ჩემი ბატალიონის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. გამოგონილი მიზეზების საფუძველზე ასეულის თითქმის სრული შემადგენლობა დაითხოვეს, მათ შორის მალხაზ გოქაძეც. ის საუკეთესო და ძალიან გამოცდილი ჯარისკაცი იყო, სამშობლოს პირნათლად ემსახურებოდა, დღეს კი მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს და შიმშილობის ზღვარზე-ღვთის ანაბარადაა დარჩენილი. მერწმუნეთ, მის მდგომარეობაში კიდევ არაერთი ჯარისკაცი იმყოფება. დღეს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 1500 სამხედრო მოსამსახურე აღადგინეს, რომლებიც ყოფილმა ხელისუფლებამ უკანონოდ გაათავისუფლა. ამ ფონზე გასაკვირია, რატომ არ რეაგირებენ მალხაზ გოქაძის წერილებზე, სადაც ის სამხედრო სამსახურში დაბრუნებას ითხოვს“,- განუცხადა “კვირას“ ლევან ამირიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო, აფხაზეთისა და აგვისტოს ომების მონაწილე ყოფილმა სამხედრომ მალხაზ გოქაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ღია წერილით პორტალ “კვირას“ საშუალებით მიმართა. გოქაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან მისი გათავისუფლება უკანონოდ იმიტომ მოხდა, რომ ე.წ მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული ლევან ამირიძის ბატალიონის წევრი იყო. ყოფილი სამხედროს ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ის 2 შვილთან და მეუღლესთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. გოქაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღდგენა არ მოხდება, სამხედრო ბილეთს, ვეტერანის, პირადობის მოწმობას დატოვებს და პოლიტიკური დევნილის სტატუსით რომელიმე ქვეყანას ჩაბარდება.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები