გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად შეხვედრას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პირებს შორის შეხვედრა თბილისში გამართული სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის გაგრძელებაა, სადაც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალების გაძლიერების გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ოქმს მოაწერეს ხელი.
ვიზიტის ფარგლებში გენერალური შტაბის უფროსი საერთაშორისო მრეწველობის გამოფენას IDEF დაესწრება. უწყების ცნობით, რიგით მე-12 გამოფენა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წარმომადგენლობით ღონისძიებას თავდაცვის მინისტრები, შეიარაღებული ძალების მეთაურები და მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური პირები სტუმრობენ. საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს რეგიონალური თანამშრომლობისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებისათვის. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ და დაათვალიერონ წარმოდგენილი თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა და შეიარაღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები