ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება -„მაღალი დონის პარტნიორობა“ 11 მაისს გაიხსნება
11 მაისს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“(Noble Partner) ოფიციალურად გაიხსნება. სამინისტროს ცნობით, სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. მათივე განმარტებით, ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები „ბრედლი“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.
სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმში 2 მაისს გამოიგზავნა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ბათუმის პორტში ჩამოვა. „ტვირთის მოძრაობა ბულგარეთიდან, ვარნადან შავი ზღვის გავლით საქართველოსკენ, ბათუმისკენ, პარტნიორ ქვეყნებს შორის ახალ მარშრუტს გახსნის. თავისუფალი მოძრაობის გაფართოება კიდევ უფრო გაამარტივებს წვრთნების ხელმისაწვდომობას და კრიზისების ოპერაციების დროს სწრაფ რეაგირებას“, – განაცხადა მე-4 თანრიგის უორენტ ოფიცერმა მარკ შავენმა.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას.