“მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე”

მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე – ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მის წინამორბედთან – მინდია ჯანელიძესთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, ემსახუროს ჯარს სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი.
“როდესაც პოლიტიკაში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის არც ერთი სფერო არ არის უცხო, განსაკუთრებით ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, ჩვენ, პრაქტიკულად, ყველაფერზე ვმუშაობდით. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა ის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაიწყო – თავდაცვის უწყების და გენერალური შტაბის, ანუ სამოქალაქო და სამხედრო ნაწილის გაყოფის – ბოლომდე მივიყვანოთ. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რეალურად გადავიდეთ იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, ემსახუროს ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი. ეს არის სწორედ 21-ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც ჯარისკაცის ფორმაში, ვერც თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში, მაგრამ ეს ზღვარი ნათლად უნდა გავავლოთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები