კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა
თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფროამციით, ანდრია გოცირიძემ გენერალური შტაბის წარმომადგენლებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს როლსა და ფუნქციებზე პრეზენტაცია წარუდგინა. ბიუროს დირექტორმა საქართველოში და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სხვადასხვა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეროვნული სისტემა გააცნო. ანდრია გოცირიძემ თავდაცვის უწყებაში კიბერუსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და გენერალურ შტაბთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ანდრია გოცირიძემ სამხედრო მოსამსახურეების კითხვებს უპასუხა. როგორც გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში გენერალური შტაბი და კიბერუსაფრთხოების ბიურო ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ. გაძლიერდება კიბერელემენტების ჩართულობა სამხედრო წვრთნებში.
თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. გასულ წელს საქართველოს თავდაცვის სამინიტროში გადაწყვეტილების მიმღებმა საბჭომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა.