გია ხუხაშვილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაში ხედავს

შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას აცხადებს. ,,შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი სწორედ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. თუ ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი იქნება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ამასთან, ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამთავრობო კრიზისი შეიქმნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. თუმცა, ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო რისკზე არ წავა.
“პრეზიდნტის აქტიურ მოქმედებას შესაძლოა, სამთავრობო კრიზისი მოჰყვეს, რაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს. პრეზიდენტი, ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებაა. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური მოთამაშე არ არის. არ მგონია, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო რისკზე წავიდეს მიუხედავად იმისა, მას რაღაც მოსწონს თუ არ მოსწონს“,- აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმითვე, პრეზიდენტი ვალდებულია, სიტუაცია არ გაართულოს და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს.
,,ის არ არის არც ერთი პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი, ის დამოუკიდებელი ფიგურაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. არსებულ რეალობაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ძალიან რთულია, მაგრამ პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, მან ეს უნდა გააკეთოს“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები