მინდია ჯანელიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ტელეხიდით ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ტელეხიდით ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
მათ ქაბულში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობას, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და მაზარ-ე-შარიფში „მარმალის“ ბაზაზე დისლოცირებულ 31-ე ბატალიონის ასეულს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ვიდეოჩართვით საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე სამხედროებს, ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის პირადი შემადგენლობის სახელით, საქართველოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემაც მიულოცა.