მინდია ჯანელიძე: თითოეული წუთი უნდა დავუთმოთ ჩვენი ჯარის და სამშობლოს განვითარებას

“24 წელი გავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან. ეს 24 წელი არ ყოფილა მარტივი, ეს იყო მძიმე“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა ეს განსაცდელი შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად გადაიტანა და აგრძელებს დგომას ქვეყნის სადარაჯოზე. თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 24 წლისთავი მიულოცა.
“24 წელი გავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან. ეს 24 წელი არ ყოფილა მარტივი, ეს იყო მძიმე. ბევრი განსაცდელის გადატანა მოუწია შეიარაღებულ ძალებს, იმაზე მეტი განსაცდელის გადატანა, ვიდრე უფრო დიდი ისტორიის მქონე შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ყველა ეს განსაცდელი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად გადაიტანა, დღეს დგას და აგრძელებს დგომას ქვეყნის სადარაჯოზე”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
მისივე თქმით, თითოეულ სამხედროს და სამოქალაქო პირს, რომელიც საქმიანობს თავდაცვის სამინისტროში ყოველდღიურად შეაქვს წვლილი შეიარაღებული ძალების განვითარებაში.
“თქვენ დგახართ სამშობლოს სადარაჯოზე, ეს არის უდიდესი პატივი, მაგრამ, ამავე დროს, არის უდიდესი მოვალეობა, რომელსაც თქვენ პირნათლად ასრულებთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩამოყალიბებული ქვეყნისადმი დამოკიდებულების, ქვეყნისადმი სამსახურის ტრადიცია, მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ აგრძელებთ საქმიანობას იმ გმირების მაგალითზე, რომლებმაც თავი დასდეს ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ხოლო თქვენს მაგალითზე საქმიანობას გააგრძელებს მომავალი თაობა. ყოველი ჩვენგანის ვალია, თითოეული წუთი, თითოეული დღე, რომლებსაც ვატარებთ შეიარაღებულ ძალებში, მიძღვნილი იყოს სამშობლოსთვის. თითოეული წუთი უნდა დავუთმოთ ჩვენი ჯარის და სამშობლოს განვითარებას”, – მიმართა ჯანელიძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

მანვე დღევანდელი დღე საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებსაც მიულოცა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ისინი დიდი რისკის ფასად იცავენ ეროვნულ ინტერესებს.
“ ეს რისკი ნამდვილად არ არის მოგონილი, ეს არის აბსოლუტურად რეალური რისკი. მიუხედავად ასეთი დიდი რისკისა, ჩვენი სამხედროები ღირსეულად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს”, – განაცხადა ჯანელიძემ. თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო იმ გმირების ხსოვნას, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები