თამაზ ფანჩულიძე (წესრიგა): ზვიადი და ჯაბა ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებდნენ
„ზვიადი და ჯაბა ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ერთმანეთთან აუცილებლად მოახერხებდნენ საერთო ენის გამონახვას და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებდნენ“, – აცხადებს ორგანიზაცია „მხედრიონის“ დამფუძნებლის ჯაბა იოსელიანის ყოფილი დაცვის უფროსი თამაზ ფანჩულიძე, რომელსაც საზოგადოება „წესრიგას“ სახელით იცნობს.
როგორც თამაზ ფანჩულიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი დღეს უკვე ბევრ რამეს ნანობს. მისი თქმით, „ზვიადისტებსა“ და „მხედრიონელებს“ საქართველო გულწრფელად უყვარდათ, თუმცა იყო ბევრი შეცდომები. ფანჩულიძე ამბობს, რომ ახლა ზვიად გამსახურდია და ჯაბა იოსელიანი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ისინი საერთო ენას გამონახავდნენ და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას არ დაუშვებდნენ“.
რესპონდენტი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში სხვა შეცდომებზეც საუბრობს.
„შეიარაღებულ დაპირისპირებას, სამწუხაროდ, სისასტიკეებიც ახლავს, ამას ვერც ერთი მხარე ვერ ავცდით. ამ გადასახედიდან ბევრ რამეს ვნანობ. რა თქმა უნდა, გაუმართლებელია მიტინგების მონაწილეთათავის სროლა. იმ მსხვერპლსაც გულწრფელად განვიცდიდი, რაც სამოქალაქო დაპირისპირებას მოჰყვა. ორივე მხარე ვტყუოდით ერთმანეთთან. ზვიად გამსახურდია საქართველოს დიდი პატრიტი იყო, თუმცა, მაშინ, რომ ხელისუფლება გაგებით მოგვპყრობოდა, ალბათ საქართველოს ბედი ასე ტრაგიკულად არ წარიმართებოდა, ჩვენც ბევრჯერ შეგვეშალა, ბევრი რამის მოთმენა გვმართებდა. ორივე მხარეს ყველაფერი უნდა გვეღონა, რათა შეიარაღებული დაპირისპირება თავიდან აგვერიდებინა. „მხედრიონის“ და ზვიადის მომხრეებსაც საქართველო გულწრფელად გვიყვარს. ორივე მხარეს მიგვაჩნია, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ღირებულებებს და მართლმადიბლურ სარწმუნოებას…
ზვიადი და ჯაბა ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ერთმანეთთან აუცილებლად მოახერხებდნენ საერთო ენის გამონახვას და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებდნენ. სხვათაშორის, მათ ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები იპოვეს კიდეც, როცა ბადრი ზარანდიასთან თანამშრომლობა შედგა, ამან სააკაშვილს მოსვენება დაუკარგა, აშკარა იყო, სამეგრელოში მის მომხრეებს აღარ შეესვლებოდათ. მერაბ კოსტავას დედის გასვენების დღეს ერთმანეთს დაელაპარაკნენ მანანა არჩვაძე და ჯაბა იოსელიანი. თითქოს ნავსიც ტყდებოდა, მაგრამ საზოგადოებას ახსოვს, თუ როგორ დაუნდობლად ჩაცხრილეს ბადრი ზარანდია, რასაც ჯაბა იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას უკავშირებდა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში ჯაბა იოსელიანიც გარდაიცვალა“! – აცხადებს თამაზ ფანჩულიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.