რა კავშირი აქვს ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ვანო ჩხარტიშვილის ყოფილ სიძესთან?
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გიორგი ცააძე, რომელიც ირაკლი ფირცხალავასთან და რამდენიმე სპეცრაზმელთან ერთად კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის გამო წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სახალხო დამცველს საგანგებო განცხადებით მიმართავს. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. პროკურატურა ცააძეს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობას ედავება.
საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, სწორედ ცააძე იყო ის, ვინც ვაზაგაშვილის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა.
„როგორც ირკვევა, ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რომლის გამო გიორგი ცააძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ის ხულიგნობის ბრალდებით გაუსამართლებიათ. საქმე ეხება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ყოფილ სიძეს, მომღერალ ბექა ჩხაიძესა და გიორგი ცააძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მაშინ ცააძე ჩხარტიშვილის ექსსიძის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს და წელიწად-ნახევარი ციხეშიც იჯდა.
ეს ხდება კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციიდან ორიოდე წლის შემდეგ. ირკვევა, რომ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურაში ცააძის დაბარებას წინ უძღოდა იმ ციხის თანამშრომლის ინფორმაცია, რომლისთვისაც ცააძეს უთქვამს, „დრო მოვა და კორტების საქმეზე სიმართლეს ვიტყვიო“, – წერს გამოცემა.
სახალხო დამცველისთვის გაგზავნილ წერილში თავად გიორგი ცააძე ამ ყველაფერს აბსურდს უწოდებს და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.
„გამომძიებელმა მთხოვა, შემექმნა მოწმეთა ბაზა და იარაღის ჩამდებად მეც და მოწმეებსაც ირაკლი ფირცხალავა დაგვესახელებინა. კონკრეტულად მე რატომ მაიძულებდნენ ამ ქმედების ჩადენას და რა ბედი მეწეოდა, ამაზე გამცა პასუხი, რომ წარსულში მე ხულიგნობის ბრალდებით ვიხდიდი სასჯელს და თითქოს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის მითქვამს: „დრო მოვა და კორტების საქმეზე სიმართლეს ვიტყვი-მეთქი“ და ეს დრო მოვიდაო. ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე და ჩემ მიერ მოძებნილ მოწმეებს საპროცესო შეთანხმებას გაგვიფორმებდნენ, მხოლოდ ამ გზით გადავურჩებოდით დაკავებას“, – ყვება გიორგი ცააძე უჩა ნანუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში და იქვე აცხადებს, რომ გამომძიებლის ზემოხსენებულ შეთავაზებაზე უარი თქვა მისი აბსურდულობის გამო.