საბავშვო ბაღში ძიძა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე ძალადობდა
შესწავლილი 61 ბაგა-ბაღიდან 70%-ში – ფსიქოლოგიური, ხოლო 40%-ში ფიზიკური ძალადობისა და სასჯელების გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. მათივე ინფორმაციით, კვლევა „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების“ და „Unicef”-ის მიერ მომზადდა.
რაც შეეხება ფიზიკურ ზეწოლას, თბილისში, კერძო ბაღში დაფიქსირდა. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე, მისივე მშობლის განცხადებით, ძიძა ორი კვირის განმავლობაში ძალადობდა, დამნაშავე კი დღესაც დაუსჯელია და ბაღში მუშაობას აგრძელებს.
„ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ბავშვზე ზეწოლა, მშობლების თანდასწრებით. ძიძა მშობლის წინაშე აკეთებდა აქცენტს ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თან ძალიან ცუდად… როდესაც ფსიქოლოგი მივიდა ბაღში, გაბრიელს უკვე მობანილი ჰქონდა დაზიანებული ადგილი, სისხლი აღარ მოსდიოდა, მაგრამ კვალი მაინც ემჩნეოდა. როდესაც ფსიქოლოგმა ნაცემი ბავშვი ნახა, მაშინვე დატოვა ტერიტორია და მითხრა, არ მეგონა, ასეთი მძიმე სიტუაცია თუ იქნებოდა, გირჩევს, სხვაგან გადაიყვანო ბავშვი და ყურადღება მიაქციოო. ბუნებრივია, ამის შემდეგ გაბრიელი სხვა ბაღში გადავიყვანეთ“, – ამბობს მშობელი.
მისივე თქმით, მან დაზუსტებით იცის, რომ ძიძა დღესაც მუშაობს ბაღში და ის ფაქტის შემდეგ ჭურჭლის მრეცხავად გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარებს, თუმცა მშობელი ვარაუდობს, რომ პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება.