თბილისში გადამდებ ინფექციას ორი ადამიანი ემსხვერპლა – ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს

თბილისში ერთ კვირაში გადამდებ ინფექციას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, გასულ კვირას გარდაცვალების ფაქტი კლინიკა „ლანცეტში“ დაფიქსირდა, სადაც პაციენტი მიყვანიდან 4 საათში გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი კლინიკური სურათით გასულ კვირას კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს კლინიკა „მედი ქლაბში“. 38 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ შემთხვევაშიც უკიდურესად დამძიმდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერც თურქმა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ორივე პაციენტი საშიშ, გადამდებ დაავადებას – პნევმოკოკურ ინფექციას ემსხვერპლნენ, რომელიც მათ ორგანიზმში ბაქტერიის სახით მოხვდა და სეფსისის ფორმით ელვისებურად განვითარდა.
„ეს არის საშიში ბაქტერიული ინფექცია. ორივე შემთხვევაში დადასტურდა სტეპტოკოკური პნევმონია, რომელიც სეფსისის სახით განვითარდა“, – აცხადებს თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი ციცო დილებაშვილი.
როგორ „პრაიმტაიმი“ წერს, ჯანდაცვის სამინისტროში დაავადების მასობრივად გავრცელების საშიშროებას ამ ეტაპზე გამორიცხავენ, თუმცა მოსახლეობას პრევენციის მიზნით ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები