გოგა ხაინდრავა: საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს!
„ავლაბრის რეზიდენცია არის გარყვნილებისა და ქართველი ხალხის ჩაგვრის სიმბოლო!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს სთავაზობს. როგორც გოგა ხაინდრავა გამოცემასთან აღნიშნავს, მას მიაჩნია, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მისი თქმით, იგი ვერასდოდეს წარმოიდგენდა იმ ფაქტს, თუ გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შევიდოდა.
„ვთვლიდი და ვთვლი, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა განთავსდეს ბიბლიოთეკა, მუზეუმი და მსგავსი ტიპის დაწესებულებები, ეს უნდა იყოს დაწესებულებები, სადაც ქართველი და უცხოელი ახალგაზდრები შეიძენენ ცოდნას საქართველოს შესახებ. ამ შენობაში თავი უნდა მოიყაროს ყველაფერმა, რაც საქართველოს შესახებ ინფორმაციას იძლევა და ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენას ქმნის. ეს მოსაზრებები პირადად მარგველაშვილისთვისაც მაქვს გაზიარებული თავის დროზე, თვითონ თვლიდა, რომ ამ შენობაში ამერიკული უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო. ავლაბრის რეზიდენცია არის გარყვნილებისა და ქართველი ხალხის ჩაგვრის სიმბოლო! ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იქ შევიდოდა! ძალიან ცუდი გამოცდილებებისა და მძიმე პრეცენდტების შემდეგ საბოლოოდ მივედი იმ აზრამდე, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს!“ – ამბობს გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.